ძველი ბათუმი ისევ თავისი მომხიბვლელობით გვაწონებს თავს. თუმცა ბევრი რამ არ შემონახულა. რაც გულდასაწყვეტია.
ცნობები ბათუმის შესახებ
ეტიმოლოგია
ქალაქის სახელწოდება „ბათუმი“ მოდის სიტყვიდან (ბერძნ. Bathus) — „ბათუსი“, რაც ღრმას ნიშნავს. პირველად ის მოხსენიებული აქვს რომაელ მწერალ ილინიას (23-79), რომელიც კოლხეთის მდინარეების ჩამოთვლისას ასახელებს მდინარე — „Bathys“. შემდგომში ბერძენი გეოგრაფი ფლავიუს არიანე თავის ნაწარმოებში „Periplus Euxinus“ წერს:
„Apsarus-ის შემდეგ ჩვენ ღამით გადავკვეთეთ მდინარე Acamsis, რომელიც Apsarus-საგან დაშორებულია 15 სტადიონით; ხოლო მდინარე Bathys მდინარე Acamsis-გან დაშორებულია 75 სტადიონით.“ ფლავიუს არიანეს მიერ ნახსენები მდინარე სახელად Bathys ესაა, მდინარე ბარცხანასა და მდინარე ქოროლისწყალს შორის არსებული პატარა მდინარე (მდ. კუბა-წყალი ან მდ. ჩულ-კუბა). აღსანიშნავია ისიც რომ ტექსტში მდინარე Bathys-ის მახლობლად არსად არ არის ნახსენები არანაირი ნამოსახლარი. ცნობილია რომ XV საუკუნის შუა წლებში მდინარე ბათუსის წყალზე არსებობდა დასახლება სახელად Bathys ან Bathy. როდესაც აღნუშნული ტერიტორია ერისთავების ხელში გადავიდა ის მოიხსენიებოდა როგორც „პატონი“ (ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით) ან „ბატონი“ (Hrisantos Hierotolymites თავის ნაშრომში — „Sintagmation peri offikion“, ვენეციური გამოცემა 1778 წ, გვ. 92): „ყურისკენ მიმავალი გზა იბერიულ ენაზე წარმოითქმის როგორც ბატონი და მდებარეობს მდინარე ფაზისსა და ბოას შორის“ („Fygades“ Triantafillides, გვ. 28). იბერიული სახელწოდება „პატომი“ თურქების დროს ტრანსფორმირდა და წარმოიქმნა ფორმა „პატუმ“, რომლითაც მოიხსენიებენ ისინი დღესაც. თავად მდინარე Bathys-ის სახელწოდება მომდინარეობს ყურის სახელწოდებიდან — ბერძნ. Bathys limen — ღრმა ყურე. მართლაც, ბათუმს შავ ზღვაზე სევასტოპოლის შემდეგ, ყველაზე ღრმა (მაქ. სიღრმე 58 მ) და მოხერხებული ნავთსაყუდელი აქვს.
ისტორია წარმოშობა
ბათუმსა და მის მიდამოებში, მდინარე ყოროლისწყლის შესართავთან, მის მარცხენა ნაპირზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა (გორა, სადაც VI საუკუნეში ციხე აიგო, რომელსაც მოსახლეობა დღეს „თამარის ციხეს“ უწოდებს) ადასტურებს, რომ ეს მიდამოები ადამიანის მიერ ათვისებული იყო ჯერ კიდევ ძვ. წ. II - I ათასწლეულების მიჯნაზე. ადრინდელ ანტიკურ ხანაში აქაურ მოსახლეობას გაცხოველებული სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა მეზობელ და შორეულ ქვეყნებთან. რომის იმპერატორ ადრიანეს დროს (II ს.) დღევანდელი ბათუმის ტერიტორიაზე რომაელთა სამხედრო ბანაკი იყო. V ს-ში საქართველოს მეფემ, ვახტანგ გორგასალმა იგი ქართლს შეუერთა.
ფეოდალური ხანა
ადრინდელ ფეოდალურ ხანაში, სხვა ზღვისპირა პუნქტებისაგან განსხვავებით, ბათუმი დაწინაურებული იყო, რასაც ხელს უწყობდა მისი მდებარეობა ქვეყნის შიდა რაიონებისაკენ მიმავალი გზების დასაწყისში. ფეოდალურ ხანაში ბათუმის ციხის გარშემო არსებობდა სოფლის ტიპის დასახლება, მაგრამ იგი ქალაქადაც იხსენიება (ამბროჯო კონტარინი). XIII საუკუნის დასასრულს - XIV საუკუნის დასაწყისში ბათუმი ოდიშის მთავრებს — დადიანებს ეკუთვნოდათ. XV საუკუნეში საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ გურიელების სამფლობელოა. 1547 წელს ქალაქი ოსმალებმა დაიკავეს. 1564 წელს როსტომ გურიელმა დაიბრუნა, მალე ისევ ოსმალთა ხელში გადავიდა. ოსმალებმა ბათუმი აქციეს ბათუმის საჯნაყის, ანუ ლივანის ადმინისტრაციულ ცენტრად და სხვა სანჯაყებთან, ტრაპიზონსა და გონიოსთან ერთად ტრაპიზონის გუბერნატორს დაუქვემდებარეს. 1609 წელს მამია გურიელმა გაანადგურა ბათუმში მყოფი ოსმალთა გარნიზონი. მიუხედავად ამისა, ოსმალები კვლავ დაეუფლნენ ბათუმს. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, XVIII საუკუნეში ბათუმი მცირე ქალაქი იყო, რომელსაც საუცხოო ციტადელი ჰქონდა. 1807 წელს ბათუმი მოინახულა ადრიან დიუპრემ. ამ დროს ბათუმში 2000-მდე მცხოვრები იყო, მაგრამ სოფელს უფრო ჰგავდა, ვიდრე ქალაქს, მას არ იცავდა არავითარი სიმაგრე, ერთადერთი ხის კოშკი, უქვემეხო, თხრილშემოვლებული აღმართული ქვის საძირკველზე იდგა ბაზართან.
XIX საუკუენში ბათუმი ლაზისტანის საფაშოს დედაქალაქი იყო. საფაში 11 კაზას, ანუ ოლქს მოიცავდა: ბათუმი, ჩურუქ-სუ, ზემო აჭარა, ქვემო აჭარა, მაჭახელი, ლივანი, გონია, ხოფა, ახროვე, ემშინა და ათინა. მას მართავდა მუთასარიფი, ანუ გუბერნატორი, რომელიც პირდაპირ ემორჩილებოდა პორტას, ანუ ცენტრალურ ხელისუფლებას. ბათუმში იყო მეჯლისი,ანუ საგუბერნიო საბჭო, სასამართლო,თურქული და ბერძნული სკოლები, სამი მეჩეთი და წმინდა ნიკოლოზის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია.
ბერლინის ტრაქტატით (1878) ბათუმი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.
პატივისცემით: თამუნა ჩხიკვაძე
პატივისცემით: თამუნა ჩხიკვაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий